შეტყობინება კონფიდენციალურობაზე
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
საგამომცემლო ეთიკა
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საგამომცემლო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, კერძოდ მთავარი რედაქტორისთვის, სარედაქციო კოლეგიისთვის ავტორებისა და რეცენზენტებისთვის. აღნიშნული პრინციპები შემუშავებულია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ’’სამეცნიერო შრომების კრებულის’’ მთავარი რედაქტორის მიერ და რეგულარულად ხდება მათი თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, გადახედვა/კორექტირება.
შესავალი
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული ემსახურება სიახლის შექმნას, მეცნიერებისა და სხვადასხვა დარგების განვითარებას რა მიზნითაც ყოველ წლიურად აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს ჟურნალში, რომელშიც მკითხველს შესაძლებლობა აქვს პერიოდულად გაეცნოს ჩატარებული კვლევების შედეგებს.
დოკუმენტი შეიქმნა სამართლიანობის, ობიექტურობის, კონფიდენციალურობისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით საგამომცემლო საქმიანობის ინტერესების დასაცავად და დაინტერესებული მხარეების (მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევარები) მიერ გასაცნობად/გასაზიარებლად. მისი მიზანია ზნეობრივი პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე განსაზღვროს ’’სამეცნიერო შრომების კრებულის’’ პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და საზოგადოებაში დაამკვიდროს ნდობა მაღალკვალიფიციური სამეცნიერო გამოცემების მიმართ.
მითითებები
ა. ეთიკური ნორმები სამეცნიერო შრომების კრებულის მთავარი რედაქტორისთვის
- მთავარი რედაქტორი ვალდებულია მიუკერძოებლად და მართებულად განიხილოს გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ყველა სამეცნიერო ნაშრომი, განურჩევლად ავტორის/ავტორების რასისა, აღმსარებლობისა, ეროვნებისა, სქესისა, სამუშაო სტაჟისა და ორგანიზაციის წევრობისა.
- მთავარი რედაქტორი ვალდებულია, რომ განსაზღვრულ ვადაში განიხილოს პუბლიკაციისთვის წარმოდგენილი ნაშრომები.
- პუბლიკაციისთვის სამეცნიერო ნაშრომის მიღებისა და უარყოფის პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მთავარ რედაქტორს. ამ მოვალეობის კეთილსინდისიერად და ზედმიწევნით შესასრულებლად მთავარი რედაქტორი ტრადიციულად მიმართავს ანტიპლაგიატის პროგრამასა და შესაბამისი გამოცდილების მქონე სამართლიან რეცენზენტებს, რათა მიიღოს კონსულტაცია პუბლიკაციისთვის წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომის ხარისხისა და სარწმუნოობის შესახებ. თუმცა, ნაშრომი შეიძლება დაწუნებულ იქნეს შეფასების გარეშეც, თუ მთავარი რედაქტორის აზრით, იგი კრებულისთვის შეუფერებელია. სამეცნიერო ნაშრომის დაწუნების საფუძველი შეიძლება გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ სამეცნიერო შრომების კრებულისთვის შემუშავებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, მაგალითად გადაჭარბებული მოცულობა, აპასტილის (APA) დარღვევა, მისი არააქტუალობა და სხვ.
- მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრები ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ ინფორმაცია განსახილველი ნაშრომის შესახებ სხვა პირებთან, გარდა იმ პირებისა, რომლებისგანაც ისინი პროფესიულ კონსულტაციებს იღებენ მოცემულ ნაშრომთან დაკავშირებით (თუმცა, მთავარმა რედაქტორმა, რომელიც შუამდგომლობს ან უკვე მოლაპარაკებულია ავტორთან ნაშრომის პუბლიკაციისთვის წარმოდგენასთან დაკავშირებით, შეიძლება სხვა ავტორს განუმარტოს, რომ მას უკვე მიღებული აქვს ანალოგიური ნაშრომი პუბლიკაციისთვის ან ასეთი ნაშრომი მზადდება გამოსაქვეყნებლად). სამეცნიერო ნაშრომთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მთავარმა რედაქტორმა და სარედაქციო კოლეგიის წევრებმა შეიძლება გაამჟღავნონ ან გამოაქვეყნონ იმ ხელნაწერთა სათაურები და იმ ნაშრომების ავტორთა გვარები, რომლებიც მიღებულია პუბლიკაციისთვის, თუმცა მხოლოდ იმ ზომით, რაზეც არსებობს ავტორის/ავტორების ნებართვა. სხვა შემთხვევაში საჭიროა ავტორისგან/ავტორებისგან დამატებით ნებართვის აღება.
- მთავარი რედაქტორი პატივს სცემს ავტორების ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას.
- სარედაქციო პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება სამეცნიერო ნაშრომზე, რომლის ავტორიც თავად მთავარი რედაქტორია და რომელიც წარმოდგენილია სამეცნიერო შრომების კრებულში გამოსაქვეყნებლად გადაეცემა სხვა კვალიფიციურ პირს, როგორიცაა იმავე კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მთავარი რედაქტორის მიერ კრებულში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნაშრომის მისსავე მიერ ამა თუ იმ ფორმით განხილვა ითვლება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობით/ინტერესთა კონფლიქტად და ამდენად, გაუმართლებელია.
- პუბლიკაციისთვის წარმოდგენილი ნაშრომის ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია ნაშრომში არსებული იმ ინფორმაციის, არგუმენტებისა და ახსნა-განმარტებების მთავარი რედაქტორის მიერ საკუთარი კვლევის მიზნებით გამოყენება, რომლებიც არ ქვეყნდება. თუმცა, თუ ასეთი სახის ინფორმაცია მიუთითებს, რომ რედაქტორის ესა თუ ის კვლევა, სავარაუდოდ, არახელსაყრელი იქნება, მთავარი რედაქტორი ეთიკურად უფლებამოსილია შეწყვიტოს მუშაობა. თუ ნაშრომი იმდენად მჭიდრო კავშირშია რედაქტორის წარსულში წარმოებულ ან მიმდინარე კვლევასთან, რომ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს, მთავარი რედაქტორი ვალდებულია სარედაქციო პასუხისმგებლობა მოცემულ ნაშრომზე გადასცეს სხვა კვალიფიციურ პირს. რიგ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს ავტორის საქმის კურსში ჩაყენება მოცემულ სფეროში რედაქტორის კვლევისა და გეგმების შესახებ.
- თუ მთავარ რედაქტორს წარმოუდგინეს იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ რედაქტორის კრებულში გამოქვეყნებული ანგარიშის მთავარი არსი ან დასკვნები შეცდომითაა, მთავარი რედაქტორი ვალდებულია იზრუნოს შესაბამისი ანგარიშის გამოქვეყნებაზე, სადაც მითითებული იქნება დაშვებული შეცდომა და შეცდომის გასწორება, რამდენადაც შესაძლებელია. ანგარიში შეიძლება დაწეროს პირმა, რომელმაც პირველმა შენიშნა შეცდომა ან თავდაპირველმა ავტორმა.
- ავტორს შეუძლია მოსთხოვოს მთავარ რედაქტორს, რომ მისი ნაშრომის განხილვისას კონსულტაციის მისაღებად არ მიმართოს ამა თუ იმ რეცენზენტს. თუმცა, მთავარმა რედაქტორმა შეიძლება მიმართოს დასახელებული რეცენზენტებიდან ერთს ან რამდენიმეს თუ იგი თვლის, რომ მისი (მათი) აზრი უცილობლად მნიშვნელოვანია ნაშრომის ჯეროვნად შეფასებისათვის. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც სამეცნიერო ნაშრომი აშკარა შეუსაბამობაშია პოტენციური რეცენზენტის წინა ნაშრომთან.
ბ. ეთიკური ნორმები სამეცნიერო შრომების კრებულის სარედაქციო კოლეგიისთვის
- სარედაქციო კოლეგიამ თავისი საქმიანობა უნდა შეასრულოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად, რაც წარმოშობს მომხმარებლის ნდობას და წარმოადგენს კრებულის შეფასების მთავარ საფუძველს;
- სარედაქციო კოლეგია ნაშრომის გამოქვეყნების გადაწყვეტილებას იღებს რეცენზენტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, თუმცა რეკომენდაცია არ იძლევა ნაშრომის გამოქვეყნების სრულ გარანტიას, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო კოლეგია მთავარი რედაქტორის თაოსნობით;
- სარედაქციო კოლეგია გამოქვეყნების საკითხს წყვეტს ნაშრომის სამეცნიერო და ინტელექტუალური ღირებულებით და არა ავტორის რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური რწმენის, ეთნიკური წარმოშობის, მოქალაქეობის და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით;
- სარედაქციო კოლეგიამ არ უნდა მოახდინოს ინფორმაციის, მონაცემების გამოყენება ან წარდგენილი სტატიის ინტერპრეტაცია, სანამ იგი არ გამოქვეყნდება, ან ავტორი არ მისცემს ამის ნებართვას;
- საჭიროების შემთხვევაში მთავარი რედაქტორი წარმოადგინს სარედაქციო კოლეგიის მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტირებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს ნაშრომის შინაარსთან და დასკვნებთან დაკავშირებით;
გ. ეთიკური ნორმები ავტორებისთვის
სამეცნიერო ნაშრომების ავტორებს მოეთხოვებათ ქვემოთ მოცემული ეთიკური ქცევის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა. ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში რედაქტორის მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმები, რომლებიც, სხვა სანქციების გარდა, საგამომცემლო პრივილეგიების გაუქმებასაც გულისხმობს.
- ავტორის ძირითადი მოვალეობაა წარმოადგინოს ჩატარებული კვლევის ზუსტი ანგარიში და ობიექტური მიმოხილვა, რომელშიც აღწერილია ჩატარებული კვლევის მნიშვნელობა.
- ავტორს უნდა ესმოდეს, რომ სამეცნიერო შრომების კრებულში სამეცნიერო ნაშრომის პუბლიკაციისათვის გამოყოფილი ადგილი ფასეული რესურსია და მასზე მნიშვნელოვანი დანახარჯია გაწეული. ამდენად, ავტორს მოეთხოვება მისი გონივრულად და ეკონომიურად გამოყენება.
- კვლევის პირველად ანგარიშში მოცემული უნდა იყოს საკმარისი მონაცემები და მითითებები ინფორმაციის საყოველთაოდ ხელმისაწვდომ წყაროებზე, რაც საშუალებას მისცემს ავტორის კოლეგებს, მოიხსენიონ ნაშრომი.
- ავტორმა მითითება უნდა გააკეთოს იმ პუბლიკაციებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს მითითებული ნაშრომის შინაარსი და რომლებიც შეიცავს მითითებას წარსულში დამუშავებულ ყველა იმ ნაშრომზე, რომლებიც ეხმარება მკითხველს მოცემული კვლევის უკეთ გაგებაში. იმ ნაშრომის ციტირება, რომელიც არ მიეთითება მოცემულ კვლევაში, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. აღნიშნული არ ეხება რეცენზიას. ავტორი ვალდებულია ჩაატაროს ინფორმაციული ძიება (ლიტერატურის მოძიება), მოიძიოს და მიუთითოს ამოსავალი პუბლიკაციები, რომლებშიც მოცემულია მოცემულ ნაშრომთან დაკავშირებული ნაშრომი. ნაშრომში გამოყენებულ დეფიციტურ მასალასთან დაკავშირებით კეთდება შესაბამისი ციტირება წყაროების მითითებით, თუ მასალა არა ავტორის, არამედ სხვა პირის მიერ არის მოწოდებული.
- სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოს ანგარიშების დანაწევრება არ არის რეკომენდებული. მეცნიერმა, რომელმაც ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამუშაოები სისტემაზე ან კვლევასთან დაკავშირებულ სისტემათა ჯგუფზე პუბლიკაცია ისეთი სტრუქტურით უნდა წარმოადგინოს, რომ თითოეულ ანგარიშში მოცემული იყოს ზოგადი კვლევის ყოველი კონკრეტული ასპექტის ამომწურავი მიმოხილვა. დანაწევრებული ანგარიში ჟურნალის ფურცლებზე საჭიროზე მეტ ადგილს იკავებს და ართულებს ლიტერატურის მოძიებას (ინფორმაციულ ძიებას). მკითხველს უიოლდება ინფორმაციის აღქმა, როდესაც ანგარიშები რელევანტური კვლევების შესახებ ქვეყნდება ერთსა და იმავე ჟურნალში ან მხოლოდ რამდენიმე ჟურნალში.
- ავტორმა უნდა მიუთითოს მთელი ციტირებული ინფორმაციის წყარო, გარდა საყოველთაოდ ცნობილი/აღიარებული ინფორმაციისა. ავტორის ნაშრომში ისეთი კერძო არხებით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება და მითითება, როგორიცაა მაგ., არაოფიციალური საუბრები, მიმოწერა და დისკუსია მესამე მხარესთან დაუშვებელია მკვლევარის სპეციალური ნებართვის გარეშე, ვისთან ერთადაც მოხდა ინფორმაციის მიღება. იგივე წესები ვრცელდება ისეთი კონფიდენციალური მომსახურებისას მიღებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა ნაშრომის რეცენზირება და ანკეტების წარდგენა.
- ექსპერიმენტული ან თეორიული კვლევა შეიძლება ამართლებდეს სხვა მეცნიერის ნაშრომის კრიტიკას და, რიგ შემთხვევებში, მკაცრ კრიტიკასაც კი. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი კრიტიკული შეფასება შეიძლება გამოქვეყნებულ ნაშრომებშიც მიეთითოს. თუმცა, პირადი კრიტიკა სრულიად დაუშვებელია.
- ნაშრომის თანაავტორები უნდა იყვნენ პირები, რომელთაც მნიშვნელოვანი მეცნიერული წვლილი მიუძღვით მოცემულ ნაშრომში და რომლებიც სხვებთან ერთად პასუხს აგებენ და ანგარიშვალდებულად თვლიან თავს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. თანაავტორების მიერ სხვა სახით გაწეული წვლილი მოცემულ ნაშრომთან დაკავშირებით მიეთითება სქოლიოში ან “მადლობის” ნაწილში. კვლევასთან ადმინისტრაციული ხასიათის კავშირი თავისთავად არ გულისხმობს მოცემული პირის თანაავტორობას (თუმცა, განსაკუთრებული ადმინისტრაციული დახმარების შემთხვევაში რეკომენდებულია მადლობის გამოხატვა). გარდაცვლილი პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ თანაავტორად აღიარების კრიტერიუმს, იწერებიან თანაავტორებად, ხოლო ცნობა მათი გარდაცვალების შესახებ (კერძოდ, გარდაცვალების თარიღი) მოცემულია სქოლიოში. ავტორი და თანაავტორი გამოგონილი სახელით არ მოიხსენიება. ავტორი, რომელიც წარადგენს ნაშრომს პუბლიკაციისათვის პასუხს აგებს იმ ფაქტზე, რომ მის მიერ მითითებული თანაავტორები ნამდვილად ნაშრომის თანაავტორები არიან და არც ერთი პირი, რომელიც არ არის თანაავტორი, არ არის ავტორის მიერ თანაავტორად მოხსენიებული. ნაშრომის წარმომდგენი ავტორი ვალდებულია ყველა ცოცხალ თანაავტორს გაუგზავნოს ნაშრომის ასლი და მიიღოს თანაავტორის თანხმობა ნაშრომის თანაავტორობაზე.
დ. ეთიკური ნორმები სამეცნიერო ნაშრომების რეცენზენტებისთვის
- რამდენადაც სამეცნიერო ნაშრომის რეცენზია პუბლიკაციის პროცესისა და ამდენად, სამეცნიერო მეთოდით ოპტიმალურად სარგებლობის მნიშვნელოვანი საფეხურია, ყოველი მეცნიერი ვალდებულია ისარგებლოს რეცენზენტის მომსახურებით.
- შერჩეული რეცენზენტი, რომელიც თვლის, რომ არ აქვს ადეკვატური კვალიფიკაცია მისთვის გადაცემული სამეცნიერო ნაშრომის შესაფასებლად, ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ნაშრომი რედაქტორს.
- სამეცნიერო ნაშრომის რეცენზენტი ვალდებულია, ობიექტურად და მაღალი სამეცნიერო და ლიტერატურული სტანდარტების დაცვით შეაფასოს ნაშრომის ხარისხი, მასში გადმოცემული ექსპერიმენტული და თეორიული სამუშაო, მისი განმარტება (ინტერპრეტაცია) და აღწერილობა. რეცენზენტი ვალდებულია, პატივი სცეს ავტორის ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას.
- რეცენზენტი ჯეროვანი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ინტერესების კონფლიქტის თავიდან აცილების საკითხს, თუ განსახილველი სამეცნიერო ნაშრომი მჭიდრო კავშირშია ნაშრომთან, რომელსაც რეცენზენტი ამუშავებს ან რომელიც რეცენზენტის ავტორობით გამოქვეყნდა. გონივრული ეჭვის შემთხვევაში რეცენზენტმა დაუყოვნებლივ ნაშრომი უნდა დააბრუნოს რეცენზირების გარეშე და გააფრთხილოს რედაქტორი ინტერესების მოსალოდნელი კონფლიქტის ან მიკერძოების საფრთხის შესახებ ან, აღნიშნული ქმედების ნაცვლად რეცენზენტს შეუძლია, წარმოადგინოს ხელმოწერილი რეცენზია, სადაც აღწერილი იქნება რეცენზენტის ინტერესი ნაშრომთან დაკავშირებით; ამ შემთხვევაში რეცენზენტი თანახმაა ასეთი რეცენზია გადაეცეს ავტორს.
- რეცენზენტი ვალდებულია, სარეცენზიოდ წარმოდგენილ ნაშრომს მოეპყრას, როგორც კონფიდენციალურ დოკუმენტს, რომლის ჩვენება და განხილვა დაუშვებელია სხვა პირებთან, გარდა იმ პირებისა, რომელთაც რეცენზენტი მიმართავს სპეციფიკური კონსულტაციების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში კონსულტანტების ვინაობა უნდა ეცნობოს რედაქტორს.
- რეცენზენტმა უნდა ახსნას და დაასაბუთოს საკუთარი მოსაზრებები, რათა რედაქტორისა და ავტორებისთვის გასაგები იყოს, რის საფუძველზე გააკეთა რეცენზენტმა დასკვნები. განცხადებას იმის შესახებ, რომ ესა თუ ის დაკვირვება, დასკვნა თუ არგუმენტი წარსულში უკვე გაკეთებული იყო, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ციტირება. რეცენზენტების (ან მოდავე ავტორების) დაუსაბუთებელი მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღება.
- რეცენზენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ავტორებმა მიუთითონ სხვა მეცნიერების შესაბამისი ნაშრომები და ახსოვდეს, რომ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რეცენზენტის საკუთარი კვლევა არასაკმარისად იყო ციტირებული შეიძლება ანგარებით იყოს გამოწვეული. რეცენზენტმა რედაქტორის ყურადღება უნდა მიაპყროს განსახილველად წარმოდგენილ ნაშრომსა და გამოქვეყნებულ ნაშრომს ან იმავდროულად სხვა ჟურნალში დასაბეჭდად წარდგენილ ნაშრომს შორის არსებულ მნიშვნელოვან მსგავსებაზე, ასეთის შემჩნევის შემთხვევაში.
- რეცენზენტი ვალდებულია, რომ ოპერატიულად, განსაზღვრული ვადების დაცვით შეასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაო და დროულად წარმოადგინოს ანგარიში. თუ რეცენზენტი სამეცნიერო ნაშრომს იღებს ისეთ დროს, რომ მოცემულ გარემოებაში ნაშრომის ოპერატიულად გადახედვა შეუძლებელია რეცენზენტი ვალდებულია ნაშრომი დაუყოვნებლივ დაუბრუნოს რედაქტორს ან შეატყობინოს რედაქტორს მოსალოდნელი შეფერხების შესახებ და შეთანხმდეს რეცენზიის გადავადებაზე.
- სამეცნიერო ნაშრომის ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია რეცენზენტის მიერ ნაშრომში არსებული იმ ინფორმაციის, არგუმენტებისა და ახსნა-განმარტებების გამოყენება ან გამჟღავნება, რომლებიც არ ქვეყნდება. თუმცა, თუ ასეთი სახის ინფორმაცია მიუთითებს, რომ რეცენზენტის ესა თუ ის კვლევა სავარაუდოდ არახელსაყრელი იქნება რეცენზენტი ეთიკურად უფლებამოსილია შეწყვიტოს მუშაობა. რიგ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს რეცენზენტმა ავტორს აცნობოს მოცემულ სფეროში რეცენზენტის გეგმების შესახებ, ხოლო რედაქტორს გაუგზავნოს ასეთი შეტყობინების ასლი.
- წარმოდგენილი ნაშრომის რეცენზირების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს კრიტიკა რეცენზენტის მხრიდან, რიგ შემთხვევებში, მკაცრი კრიტიკაც. საჭიროების შემთხვევაში, ასეთი კრიტიკული შეფასება შეიძლება ნაშრომებთან ერთად გამოქვეყნდეს. თუმცა, პირადი კრიტიკა სრულიად დაუშვებელია.