ქართველურ ენათა ანდაზების ლექსიკურ-თემატური მახასიათებლები
Main Article Content
რეზიუმე
ანდაზების ლექსიკურ-თემატური მახასიათებლები და მათზე დაკვირვება მრავალმხრივ საყურადღებოა, რადგან იგი, ერთი მხრივ, კარგად წარმოაჩენს ადამიანთა ყოფას, საქმიანობასა და ისტორიას, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ლექსემის სტრუქტურულ-შინაარსობრივმა მხარემ შეიძლება გვიკარნახოს ანდაზის წარმოშობის / გავრცელების ადგილიც. ქართველური ენების ანდაზებისთვის დამახასიათებელი უნივერსალური ლექსიკური მონაცემების გვერდით, ცალკეულ ენათა (მეგრულ, ლაზურ ან სვანურ) ანდაზებში დასტურდება კულტურული ელემენტებით მკვეთრად მარკირებული სპეციფიკური ლექსიკური ერთეულები, რომლებიც წარმოაჩენენ კონკრეტული ენობრივი კოლექტივისთვის ნიშანდობლივ კულტურულ, გეოგრაფიულ თუ სხვა ლოკაციურ თავისებურებებს. ანდაზებში შეიძლება შეგვხვდეს დღეისათვის მოძველებული, საგანგებო განმარტების გარეშე გაუგებარი სიტყვებიც. სტატიის მიზანია ქართველურ ენათა ანდაზებში არსებული უნივერსალურ ლექსიკურ-თემატურ მონაცემებთან ერთად, რომელიმე კუთხისთვის დამახასიათებელი ორიგინალურობით აღბეჭდილი პარემიული ერთეულების ძირითადი ჯგუფების გამოვლენა. ნაშრომში აგრეთვე განხილულია ანდაზები, რომლებშიც წარმოდგენილია ნაკლებად
გასაგები, პასიური გამოყენების ლექსიკური ერთეულები.